ხათუნა მაისურაძე
თალაკვაძე: ახალ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ავიღებთ
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალ პროექტზე პასუხისმგებლობას "ქართული ოცნება" აიღებს.
"მოვისმინეთ ოპოზიციის განცხადებები, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ ახალ კონსტიტუციაზე. კონსტიტუციის ახალ პროექტზე და იმაზე, რასაც შევქმნით და დაამტკიცებს პარლამენტი, პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენ, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს არის გრძელვადიან განვითარებაზე შექმნილი კონსტიტუცია," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა და პროექტი მზად არის, შესაბამისად ოპოზიციის ბოიკოტზე განცხადებები რეალური არ არის.
დღეს, "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ევროპულმა საქართველომ" საკონსტიტუციო კომისია დატოვეს და მათი განცხადებით, "ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდნენ".
საკონსტიტუციო კომისია 18-19 აპრილს დატოვეს "პატრიოტთა ალიანსმა" და "ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებულმა დემოკრატებმა". მანამდე, საკონსტიტუციო კომისია 10 აპრილს დატოვა პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის". 13 აპრილს კი კომისიის მუშაობას "ნაციონალურმა მოძრაობა" გამოეთიშა.
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 19 აპრილს დაასრულა და ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს გადაეგზავნა. სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.





