ნაციონალების ლიდერებმა ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შეჭრა სცადეს
პოლიტიკა

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა
ფოტო: IMEDI
შუალედურ არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე სიტუაცია იძაბება ზუგდიდში, სადაც დღეს ხმაური იყო საკრებულოს შენობასთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა დააახლოებით 18:00 საათისთვის ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა სცადეს.
ოპოზიციონერები საკრებულოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვდნენ, თუმცა შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათ განუმარტეს, რომ შენობაში შესვლა თავისუფლად შეეძლოთ საკრებულოს წევრებს, მაგრამ ამ პასუხმა ოპოზიცია არ დააკმაყოფილა.
დაპირისპირებას და ხმაურს საკრებულოს შენობასთან პასუხი მოჰყვა „ქართული ოცნების“ შტაბიდან. შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში შექმნილ სიტუაციას ოპოზიციის პროვოკაცია უწოდა, რომლებიც მიზანმიმართულად ძაბავენ სიტუაციას.
დღესვე კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე აქციით აღინიშნა. გამსახურდიას ძეგლთან შეკრებილებმა თანამოქალაქეებს მიმართეს. იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებია, გამოსვლები ძირითადად პოლიტიკური ხასიათის იყო. იქ იმყოფებოდა პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
შეკრებილები მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ კანდიდატს უცხადებენ.
მმართელი გუნდი ოპოზიციას ზუგდიდში ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მათი კანდიდატი იმარჯვებს და სწორედ ამას უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები.




