კვირიკაშვილი: სამწუხაროდ საქართველოში არა ერთი მთიანი კუთხე დაიცალა
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
"საქართველოში არა ერთი მთიანი კუთხე დაიცალა სამწუხაროდ. საოცარია, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ურთულეს პირობებში ადამიანები არ ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ამაგრებენ ამ კუთხეს, ინარჩუნებენ იმ კულტურულ სიმდიდრეს, რომლითაც ასე მდიდარია მთიანი აჭარა. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გმირობის და პატრიოტიზმის წინაშე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ წაბლანაში გააკეთა, სადაც 28 წლის წინ ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას მიაგო პატივი.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მეწყერის შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებლის ასაშენებლად უკვე გამოყოფილია დაფინანსება.
"ეს გზა, რომელიც მშენებლობის შედეგად დაზიანდა, აუცილებლად გაიმართება და იქნება ევროპული სტანდარტის სამთო გზის შესაბამისი. აუცილებლად აშენდება ხულო-ზარზმის, ხულო-ბეშუმის გზა. უკვე დავიწყეთ მთიანი აჭარის გაზიფიკაცია და ხელვაჩაურიდან ხიჭაურამდე; გაზსადენის მშენებლობის საკითხიც გადაწყვეტილია. ამ რაიონის მცხოვრებლები ძალიან მარტივად დაუკავშირდებიან ქალაქ ბათუმსა და სხვა რაიონებს სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით," - დასძინა პრემიერმა.
1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დღემდე არ არის ნაპოვნი სამის ცხედარი. დაზარალებულების უმრავლესობა დაკმაყოფილდა, ნაწილი ამ დრომდე დახმარებას ითხოვს.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია, 5 ათას კაცზე მეტი ადამიანი კი მხოლოდ 12 სოფელში ცხოვრობს.





