სოფიო ოხანაშვილი
ლავროვმა და ხაჯინბამ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ილაპარაკეს
პოლიტიკა
აფხაზეთიდან, საქართველოს გავლით, სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის აღდგენის საკითხი განიხილეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ შეხვედრაზე. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ეს თემა განვიხილეთ. რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ ტრანზიტი განახლდეს. სამართლებრივი საფუძველიც არსებობს, რომ ასე მოხდეს. სომხეთი დაინტერესებულია ტრანზიტის აღდგენით, დღეს აფხაზეთის პრეზიდნეტმაც თქვა, რომ ფახაზეთი ამის წინააღმდეგი არ არის. ეს საკითხი ჩვენზე არაა დამოკიდებული, არამედ იმ ქვეყნებზე, სადაც ტრანზიტი გაივლის," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამაც.
"აფხაზური მხარე მზად არის. ეს დამატებით სახსრებს გააჩენს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ვართ, ამ საკითხების მოგვარება ცივილური ფორმებით შესაძლებელია. თუ ქართული მხარე მზად იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ ეს მოგვარდება," - განაცხადა რაულ ხაჯინბამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი შენობა გახსნა. ლავროვის უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთი აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცესს მალე განაახლებს.
ლავროვის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებები უკვე გაავრცელეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა. საქართველოს პრეზიდენტმა კი მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. "პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა".





