ჩუბინიძე: პატრიარქის დაცვის სამი წევრი როტაციის პრინციპით შეიცვალა
პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამი წევრის ჩანაცვლებას როტაციის პრინციპით ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვიდან სამი ადამიანი შეიცვალა. მისივე თქმით, ეს ჩვეულებრივი როტაცია იყო. „ეს ხალხი დასაქმებულია და ამჟამადაც ირიცხებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და ისინი გადანაწილებულები იქნებიან სხვა დასაცავ პირებთან სამუშაოდ“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ პატრიარქის დაცვის შემადგენლობიდან ამ სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის კადრები გაუშვეს, ანზორ ჩუბინიძის თქმით, მთელი ჯგუფი სოსო ოხანაშვილის მიერაა დაკომპლექტებული.
„მე არ მინდა ამაზე რამე კომენტარი გავაკეთო. პატრიარქის პირადი დაცვა იგივე ოდენობითაა. ჩვენ გადავხედეთ და ამ ეტაპზე ეს საჭიროება არის. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რიცხოვნობა შევცვალოთ“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
კითხვაზე - მომხდარა თუ არა პატრიარქის დაცვაში მსგავსი როტაცია აქამდეც, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პარტიარქის დაცვა აქამდე სდსს-ს დაქვემდებარებაში არ იყო და დიდი ხანი არ არის, რაც პატრიარქს ოფიციალური დაცვა ჰყავს.
პატრიარქის დაცვის წევრების ცვლილებაზე დღეს კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ. მისი თქმით, დაცვის წევრების გათავისუფლებაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ისინი სამსახურიდან სტრუქტურული ცვლილებების გამო გათავისუფლდნენ.
პატრიარქის პირადი დაცვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. 2017 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექვემდებარებოდა.





