უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის არჩევის წესს არ ეთანხმება
პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან მეტ არგუმენტს ითხოვს სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. უჩა ნანუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ირჩეოდეს სახალხო დამცველი მხოლოდ 1 ვადით.
"მე ვერ მოვისმინე თუ რატომ უნდა დაწესდეს კონსტიტუციაში შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში კვლავ განიხილება.
ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე კი სახალხო დამცველი ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ვადა უნდა გახანგრძლივდეს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია განიხილავს წინადადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ომბუდსმენი არა მხოლოდ უმრავლესობის მიერ, არამედ კონსესუსის საფუძველზე აირჩიონ. მოქმედი კანონით, სახალხო დამცველს მხოლოდ მმართველი უმრავლესობა ირჩევს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში კი, პროცესში საპარლამენტო ოპიზიციაც ჩაერთვება.
გამოუცხადებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს საკონსტიტუციო კომისიას და წავა თუ არა მმართველი გუნდი დათმობებზე, დღეს გახდება ცნობილი. კომისიის წევრებს სამუშაო ვერსიას დაურიგებენ. საკოორდინაციო საბჭოში (15 პარტია) შემავალმა პარტიათა ნაწილმა კომისია უკვე დატოვა. პროტესტის მთავარი მიზეზი საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და შესაბამისი ვადებია.





