imedi
დღეს ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ ანგარიშს მოისმენენ
პოლიტიკა

ევროპული საბჭო
დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განხილვას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
ანგარიში მოიცავს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს და მასში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით, აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე.
კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში ის ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.





