ლევან კვატაშიძე
ქართული მხარე ჩაძირულ გემზე საქართველოს მოქალაქის ყოფნას ადასტურებს
პოლიტიკა

შავ ზღვაში ჩაძირული გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე ადასტურებს. "ტელეიმედთან" საუბარში საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კატასტროფის ადგილის კოორდინატების დაზუსტება მიმდინარეობს. ვახტანგ მიქელაშვილის ინფორმაციით, ქართული მხარე ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში ჩართული არ იქნება.
შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე ქართველი მეზღვაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი. "ძალიან სამწუხარო ფაქტია, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს ჩართულობა. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ქართველთან დაკავშირებთ არ დადასტურდება და ასევე ყველა დაკარგულის მოძიება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში მაქსიმალური იქნება, ჩვენ ვართ კონტაქტზე", - ამბობს მიხეილ ჯანელიძე.
დღეს დილით, 3;30 საათზე შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან პანამის დროშის ქვეშ მცურავო სატვირთო გემი "Герои Арсенала" ჩაიძირა. «Интерфакс»-ის ცნობით, გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათგან 5-ის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის მოქალაქეა, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე. ხორბლით დატვირთული გემი რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში მიემგზავრებოდა.





