ბიზნესომბუდსმენს თამბაქოს კონტროლის კანონპროექტზე შენიშვნები აქვს
პოლიტიკა

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ ძნელაშვილს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტზე შენიშვნები აქვს. მისის თქმით ზოგიერთი ცვლილების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ზურაბ ძნელაშვილმა კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობენ.
ზურაბ ძნელაშვილის თქმით, შეზღუდვები და აკრძალვები რელევანტური უნდა იყოს.
"რამდენიმე კონკრეტულ რეგულაციაზე პრინციპულად ვთვლით, რომ არ უნდა ეწეროს კანონპროექტში,"- განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.
"ეს არის ზიანის ანაზღაურების პრინციპი. ძალიან სახიფათო ტრადიციას დაუდებს საფუძველს ეს ნორმა – მასიურად დაიწყებენ ადამიანები სასამართლოში სიარულს, დაკავშრებას, რომ მას კიბო გაუჩნდა მოწევის გამო და მოითხოვენ ანაზღაურებას თამბაქოს მწარმოებელი თუ იმპორტიორი კომპანიების მიმართ. ეს იქნება სასწაული ამბავი, კაციშვილი ვერ დაადგენს, ის რომ ეწეოდა, იმიტომ გაუჩნდა კიბო და თუ მაგის გამო გაუჩნდა, რა ზომის ზიანი მიადგა. სასწაული იქნება ეს სასამართლოში,"- განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატში არ მოსწონთ, არის ის, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და დანერგვის პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის ჩართულობა დაუშვებელია.
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ითხოვს, რომ ამ ცვლილებების ამოქმედებისთვის "გონივრული ვადები დაწესდეს, რათა ბიზნესმა ახალ რეგულაციებთან ადაპტირება შეძლოს". გარდა ამისა, 2017 წელს სარეკლამო, მარკეტინგული თუ სადისტრიბუციო მიმართულებით კონტრაქტები უკვე გაწერილია.
პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 5 აპრილს მიიღო. კანონპროექტის თანახმად, დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.





