imedi
აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედებისთვის პრეზიდენტმა დააჯილდოვა
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.
აკა სინჯიკაშვილი ბლოგერია, ის დიდი ხანია სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება. სოციალურ ქსელში დაწყებულ საქველმოქმედო საქმიანობაში მას მხარი უამრავმა ადამიანმა აუბა და დღეს უკვე ძალიან ბევრ მასშტაბურ აქტივობას ახორციელებს - ეხმარება უსახლკაროებს, მოხუცებს, ბავშვებს.
შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო აკა სინჯიკაშვილს პირადად გადასცა. დაჯილდოების ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკა სინჯიკაშვილთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლს ესტუმრა და მოხუცებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.





