imedi
22 აპრილს გიორგი კვირიკაშვილი ირანს ეწვევა
პოლიტიკა

მოჰამედ ჯავად ზარიფი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. დაგეგმილ ვიზიტზე და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას, რასაც, პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა თბილისში მიმდინარე საქართველო-ირანის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს და ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
პრემიერმინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. ის საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საქართველოს ვიზიტით მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი შეხვედრა ირანის ქართველ კოლეგასთან გამართა. შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილეს. დღესვე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა.





