ანა შეპკინა
გორში ოქონობას აღნიშნავენ
პოლიტიკა

ფოტო: ანა შეპკინა
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება. ოქონის მშენებარე ეკლესიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ გაიმართება მსვლელობა. მოქალაქეები სასულიერო პირებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან. დღის ბოლოს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.
ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთოთხმეტედ აღინიშნება. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი ტრიპტიკონი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.





