სოფიკო ბერიძე
აუდიტის სამსახურს C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობაზე შენიშვნები აქვს
პოლიტიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მაკონტროლებელმა უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა.
ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში წერია, რომ 2015 წლის 28 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მკურნალობის მონიტორინგის ფარგლებში, უწყებაში შესულია სულ 5589 შეტყობინება, საიდანაც შემოწმებულია მხოლოდ 359 შემთხვევა, რაც მთლიანი შეტყობინებების 6%-ია.
დადგენილი შერჩევის მეთოდის გათვალისწინების შემთხვევაში უნდა შემოწმებულიყო 1351 შემთხვევა. 325 შემთხვევში შემოწმება განხორციელებულია დადგენილი ვადის დარღვევით და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მერყეობს 1 დან 148 დღის დიაპაზონში.
C-ჰეპატიტის პროგრამა მიმწოდებლების კონტროლის ორ მექანიზმს ითვალისწინებს. ეს არის პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი და შესრულებული სამუშაოს რევიზია. ანგარიშში ნათქვამია, რომ შესამოწმებელ პერიოდში არ განხორციელებულა პროგრამაში ჩართული მიმწოდებლების კონტროლი და რევიზია.





