დღეს პარლამენტში "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობა განახლდება
პოლიტიკა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანო დღეს განაახლებს. საკითხს ჯანდაცვის კომიტეტი მეორე მოსმენით განხილავს. დეპუტატები კანონის ცალკეულ ნორმებზე მუხლობრივად იმსჯელებენ. კომიტეტის მოწვევით, საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა, რომელიც კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. უცხოელი ექსპერტების ჩართულობა ქვეყნისთვის საკანონმდებლო რეგულაციის ოპტიმალური სამართლებრივი მოდელის შეთავაზებას ისახავს მიზნად.
პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რომლის თანახმადაც დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.
ცნობილია, რომ თამბაქოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მთავრობას პარლამენტთან შენიშვნები აქვს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადებულ დასკვნაზე პარლამენტში, სავარაუდოდ, დღეს, მეორე მოსმენით განხილვისას იმსჯელებენ.





