imedi.ge
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია
პოლიტიკა

მოჰამედ ჯავად ზარიფი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი უკვე თბილისშია. ის საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდება.
ზარიფის საქართველოში სტუმრობის შესახებ ინფორმაცია დღისით საგარეო საქმეთა სმინისტრომ გაავრცელა.
ირანის პირველ დიპლომატს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი დახვდნენ.
„ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შედგა“, - განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა.
მოჰამედ ჯავად ზარიფი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან გამართავს. ირანელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო უწყებაში 18 აპრილს უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი, რომელსაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გახსნიან. მოჰამედ ჯავად ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან განცხადებას გააკეთებენ.





