პარლამენტის თავმჯდომარემ პატიმრებს, ძალოვანმა მინისტრებმა კი აღდგომა სამხედროებს მიულოცეს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ქსნის ციხეში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატიმრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ირაკლი კობახიძე ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან - მამუკა მდინარაძესთან და გედევან ფოფხაძესთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად იმყოფებოდა. პატიმრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელნაკეთი სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სააღდგომო ლიტურგიას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ოჯახთან ერთად დაესწრო. შს მინისტრთან ერთად, ლიტურგიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პოლიციელები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აღდგომას სამხედროებთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში შეხვდა. მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს, სრულიად საქართველოს, ქართულ ჯარს და საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს მიულოცა.





