ჯანდაცვის სამინისტრო 10 რეანომობილს ყიდულობს
პოლიტიკა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 10 რეანომობილს ყიდულობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 723 170 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ავტომობილზე საშუალოდ 172 317 ლარის გადახდაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი On.ge ავრცელებს.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილზე სამი წლის ვადით, ან 200 ათასი კილომეტრის გარბენზე უნდა გავრცელდეს ქარხნული გარანტია ავტომობილის ძარაზე, ძრავაზე, გადაცემათა კოლოფზე, სავალ ნაწილზე, ელექტროობაზე და სხვა ძირითად აგრეგატებზე. ამავე დოკუმენტით მოთხოვნილია, რომ ავტომობილის შიდა აღჭურვილობაზე, სამედიცინო დანიშნულების საგნებზე, სამედიცინო აპარატურაზე, სასიგნალო ციმციმაზე და ხმოვან გამაძლიერებელზე გავრცელდეს არანაკლებ ორწლიანი საგარანტიო ვადა.
შესყიდვის ტენდერი 7 აპრილს გამოცხადდა და 28 აპრილს დასრულდება. სატენდერო წინადადებების მიღება კი 23 აპრილს იწყება.





