imedi
საგარეო უწყება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა

რადგან აღდგომასთან დაკავშირებით ჩვენი თანამოქალაქეები იმყოფებიან იერუსალიმში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აქვეყნებს ცხელ ხაზის ნომერს. სამინისტროს თქმით, ისრაელის საზღვარზე გამკაცრებულია ზომები, ამიტომაც ყველა მგზავრმა უნდა დაიცვას ყველა წესი და საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები.
ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება. აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე : +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.





