საქართველო ჰუმანური განვითარების ინდექსით მსოფლიოში 70-ე ადგილზეა
პოლიტიკა

თბილისის ქუჩები
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP)საქართველოში წარადგინა ორი ანგარიში, რომელიც მსოფლიოში ჰუმანური განვითარების გამოწვევებს აღწერს.
"ჰუმანური განვითარების ანგარიშებში წამოჭრილი ბევრი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, სადაც შემოსავლების არათანაბარი განაწილება რეგიონში ყველაზე მაღალია. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი იკლებს 12.2 პროცენტით, როდესაც მისი გადათვლა ხდება უთანასწორობის ფაქტორის გათვალისწინებით“, - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა ნილს სკოტმა.
ანგარიშში დასაბუთებულია, თუ რატომ იზრდება უთანასწორობასთან დაკავშირებული შეშფოთება და აღწერილია ის ის რეფორმები და საპროგრამო ნაბიჯები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ამ გამოწვევასთან გამკლავებისათვის.
საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0.769, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს და ოდნავ გაუმჯობესებულია 2015 წლის მონაცემთან შედარებით (0.754). 2000-2015 წლებში საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა 0.673-დან 0.769-მდე. მთლიანმა ზრდამ 14.3% შეადგინა.
საქართველო 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. მისი ჰუმანური განვითარების 2015 წლის ინდექსი (0.769) უსწრებს მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.746) და ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.756). ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში საქართველოსთან ახლოს არიან სომხეთი და ბოსნია ჰერცოგოვინა, რომელთა პოზიცია HDI რეიტინგში შესაბამისად 84 და 81-ია.
საქართველოს ჰუმანური განვითარების იდექსის (0.769) გადათვლისას უთანასწორობის ფაქტორის გათვალისწინებით, ქვეყნის ზოგადი მაჩვენებელი იკლებს 12.2 პროცენტით და შეადგენს 0.672-ს. ეს დანაკარგი განპირობებულია HDI-ის სხვადასხვა განზომილების მაჩვენებლების არათანაბარი განაწილებით. მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებში უთანასწორობით გამოწვეული მაჩვენებლის საშუალო კლება 20.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში - 12.7 პროცენტს. საქართველოს უთანასწორობის კოწფიციენტი შეადგენს 12.2 პროცენტს.





