imedi
საგარეო უწყება იერუსალიმში მყოფი ქართველებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები და გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები. 2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. საგარეო უწყება მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, აფრთილებს, რომ მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდირებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. ის პირები კი, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით.
„მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიღებულ რეგულაციაზე წერს."ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით, 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. ამ რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები."--ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





