უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ახალი რეგულაციები სექტემბრიდან ამოქმედდება
პოლიტიკა

შეხვედრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში
უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ახალი რეგულაციები სექტემბრიდან ამოქმედდება.
პროექტზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაინტერესებულ მხარეებთან იმსჯელეს. კერძოდ, ფრენის დასაშვები სიმაღლის, ავიამოდელიზმის მიმართულების განსხვავებულად რეგულირებისა და სააგენტოში დოკუმენტაციის წარდგენის დეტალები განიხილეს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, უწყების მიერ შემუშავებული წესით განისაზღვრება ის სავალდებულო უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა და ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ საფრთხე არ შეუქმნას სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
წესი ითვალისწინებს დრონების საფეხურეობრივ - ღია, სპეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას, რაც მათ მფლობელებზე ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის.
ღია კატეგორიის უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის წესი 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის მოთხოვნები ძალაში 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევა, ხოლო სერტიფიცირების ნაწილი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
უწყებაში ამბობენ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მზადაა, შეისწავლოს და მხედველობაში მიიღოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისა და ოპერატორების მიერ წარმოდგენილი ის წინადადებები, რომლებიც ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებს არ ეწინააღმდეგება და საქართველოს საჰაერო სივრცეში დრონების უსაფრთხო ოპერირებას ემსახურება.





