გივი ბერიკაშვილი დაკრძალეს
პოლიტიკა

გივი ბერიკაშვილი
საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად კოლეგები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ.
გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან ოთხის ნახევარზე გამოასვენეს. მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, კულტურის მოღვაწეებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიაგეს.
სამოქალაქო პანაშვილი მარჯანიშვილის თეატრში დღეს, 12 საათიდან მიმდინარეობდა. გივი ბერიკაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, 83 წლისა გარდაიცვალა. ის კლინიკა MediClubGeorgia-ში ფილტვების ანთების დიაგნოზით, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.
გივი ბერიკაშვილს 40-მდე მხატვრულ ფილმში აქვს შესრულებული როლები, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა "მარადისობის კანონი", "სიყვარული ყველას უნდა", "დათა თუთაშხია", "პეპელა", "ნატვრის ხე", "ღვინის ქურდები", "მზე შემოდგომისა", "ლონდრე", "გიორგობისთვე" და სხვ.





