თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან დროებით მიდის
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელმა პოლიტიკიდან დროებით წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან "რადიო პალიტრას" განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ეს პოლიტიკურ აქტივობას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს: "მე საკმაოდ გრძელი პაუზის აღება გადავწყვიტე. შეიძლება პაუზაც კი აღარ იყოს და ასე დარჩეს პოლიტიკასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკასთან განშორებას ვაპირებ."
ხიდაშელის თქმით, თავდაცვის მინისტრობა იყო საუკეთესო სამსახური, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს და თუკი საუკეთესო სამსახურში უკვე მუშაობდი, მაშინ შეუძლებელია, სხვა რამე მოგეწონოს.
თინა ხიდაშელმა გადაწყვეტილების მიღების მიზეზები განმარტა.
"ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ადამიანი უნდა მიხვდე, რომ როდესაც 24 წელი რაღაცას აკეთებ, უფრო სწორად შენ გგონია, რომ აკეთებ და მერე აღმოჩნდება, რომ შენ გეგონა აკეთებდი, სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. მერე სხვებს ეუბნები: მოდი, ახლა თქვენ აკეთეთ და ვნახოთ, მერე კიდევ შემდეგი 20 წელი რომ გაივლის, შევედაროთ. ამიტომ ეს ძალიან ნორმალურია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები შედიან რაღაც როლში და მერე იმ როლიდან ვერ გამოდიან. მე ძალიან ნათლად დავინახე, რომ ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, დამოკიდებულებები ამ მოვლენების მიმართ იმდენად არაჯანსაღია, რომ მე ნამდვილად უნდა გავჩერდე. ერთ ძალიან კონკრეტულ მიზეზზე თუ ვილაპარაკებთ, ჩემთვის ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი იყო დოლიძელების და ბახტრიონელების არჩევანი. მე ვფიქრობ, არის გეოგრაფიები, სადაც მეტს ელოდები, ვიდრე სოფლად, ვიდრე სხვა წერტილში და სხვა არჩევანში ანუ რაღაც ობიექტური მოცემულობები არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ობიექტური მოცემულობაა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რაღაც კონკრეტული წერტილები, სადაც ელოდები, რომ ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხი უფრო მაღალია, გაცნობიერება ამბის უფრო მაღალია. იმიტომ კი არა, რომ ისინი უფრო კარგები არიან და სხვები ცუდები არიან, იმიტომ რომ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და მოლოდინებიც სხვადასხვანაირი გვაქვს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





