ნათია სონღულაშვილი
ბესელიამ კილაძეს და ელისაშვილს ცილისმწამებლები უწოდა
პოლიტიკა

ეკა ბესელია
ფოტო: ნათია სონღულაშვილი
"დადასტურდა, რომ ორივე იყვნენ ცილისმწამებლები,"- ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ალეკო ელისაშვილისა და ელისო კილაძის მისამართით გააკეთა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მოგებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ეკა ბესელია ამბობს, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. მისი თქმით, გადაწყვეტილების აღსრულებასაც ბოლომდე მიიყვანს. ბესელიას განმარტებით, თანხა მოთხოვნილი იყო სიმბოლურად, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.
სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი, გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ადვოკატ გიგა კვერენჩხილაძის განცხადებით, სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმული ბრალდებების საჯარო უარყოფა და ფულადი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ელისო კილაძეს, დეპუტატის მიერ მოთხოვნილი 20 500 ლარი არ დაეკისრა და მხოლოდ 1500 ლარიანი ჯარიმა დაუწესა.
ელისო კილაძე ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ბრალდებების უარყოფასა და დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
ეკა ბესელიამ ანალოგიური სარჩელი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგაც შეიტანა, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება ასევე პარლამენტის წევრის სასარგებლოდ გამოიტანა.





