ანა ბერუკაშვილი
დუბაიში განათლების ფორუმში საქართველოც მონაწილეობს
პოლიტიკა

ქალაქ დუბაიში საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა-ფორუმი გაიხსნა, რომელშიც 25 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობს.
"ვისწავლოთ საქართველოში" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქართველო უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს სთავაზობს. საერთაშორისო გამოფენაზე სულ 130 უნივერსიტეტია წარმოდგენილი, მათ შორის, 8 ქართული უნივერსიტეტი.
უცხოენოვან საერთაშორისო პროგრამებს გამოფენაზე მისულ სტუდენტებს თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე, ოთხი კერძო უმაღლესი სასწავლებელი აცნობს.
უნივერსიტეტები სტუდენტებს მრავალფეროვან პროგრამებსა და პროექტებს სთავაზობენ. გამოფენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც ესწრება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა პროგრამაზე "ვისწავლოთ საქართველოში". "ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ამ ფორუმს, ვინაიდან საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ მოიზიდოს სტუდენტები", - განაცხადა პრემიერმა.





