imedi
უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სოროსის უნივერსიტეტის დახურვის შესახებ
მსოფლიო

ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი უნგრეთი
უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უცხოური უნივერსიტეტების შესახებ. კანონპროექტი უკვე კანონად იქცა და ის ძალაში შევიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კანონის თანახმად, შესაძლოა ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული "ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი დაიხუროს.
პრეზიდენტის განცხადებით, კანონი არ არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ ნორმებს. მან უნგრეთის მთავრობას დაავალა, კონსულტაციები გამართოს იმ უცხოური უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან, რომელთაც კანონის მოქმედება შეეხებათ.
უნგრეთის პარლამენტმა 3 აპრილს, განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახდა ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის დახურვა. ამ მიზნის მიღწევას უნგრეთის მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.
კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტის 123-მა წევრმა დაუჭირა, 38-ს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელიც ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა, კენჭისყრისას მეგაფონში იყვირა და ასე გამოხატა პროტესტი. რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა ბუდაპეშტის ქუჩებშიც. მომიტინგეები პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ.
ცნობილია, რომ ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ჯორჯ სოროსის ფონდმა პოსტსაბჭოთა ბუდაპეშტში უნივერსიტეტი 1991 წელს დააარსა.





