imedi
თეთრი სახლი სირიაზე ახალი ავიაიერიშის მიტანას არ გამორიცხავს
მსოფლიო

თეთრი სახლი სირიაზე ავიაიერიშის ხელახლა მიტანას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრესპიკერმა შონ სპაისერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Washington Times ავრცელებს.
შონ სპაისერის თქმით, თუკი ბაშარ ასადის რეჟიმი კიდევ ერთხელ გამოიყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს, შეერთებული შტატები სამხედრო იერიშს ისევ განახორციელებს.
პრესსპიკერის განცხადებით, სირიის მასობრივი განადგურების იარაღი საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, რადგან ის შეიძლება "ისლამური სახელმწიფოს" ხელში აღმოჩნდეს.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, შტატების "პროპორციული საპასუხო გადაწყვეტილება"უწოდეს.დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით, სირიაზე თავდასხმამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბოლო პერიოდში "დამთბარ" პოლიტიკაზე. რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სირიის ავიაიერიშმა რუსეთი და აშშ სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე დააყენა. ვლადიმერ პუტინმა კი ავიარიეშს ამერიკის აგრესია უწოდა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაც, რომელზეც სირიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 18 ქალია. სირიის ხელისუფლება ქიმიურ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.





