მედია: სტრასბურგზე თავდასხმელმა საფრანგეთი სავარაუდოდ უკვე დატოვა
მსოფლიო

სტრასბურგი
ფოტო: shutterstock.com
სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი ისევ თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 29 წლის შერიფ შექათი შეიარაღებულია და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
სამარათალდამცველებმა ეჭვმიტანილის ფოტორობოტიც გაავრცელეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ შექათმა საფრანგეთი უკვე დატოვა და შესაძლოა მეზობელ ქვეყნებში აფარებდეს თავს. შექმნილია ცხელი ხაზიც, სადაც თავდამსხმელზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი.
პარალელურად, საფრანგეთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ქუჩებში გაძლიერდა დაცვა. საფრთხის შემცველ ადგილებში გაიზარდა იმ სამხედროების რიცხვი, რომლებიც „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ქუჩებში რეგულარულად პატრულირებდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისთვის, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში 1300 სამხედრო გადანაწილდება. გარდა ამისა, პოლიციამ გაჩხრიკა ეჭვმიტანილის სახლიც და დააკავა შექათის 4 ნათესავი. აღსანიშნავია, რომ შექათის შესახებ სამართალდამცველები ინფორმაცაის წლების განმავლობაში ფლობდნენ.





