გიგი წერეთელი: უკრაინაში გარკვეული დროით საომარი მდგომარეობაა, თუმცა არა სრულმასშტაბიანი
მსოფლიო

გიგი წერეთელი
ფოტო: Facebook
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ დღეს უკრაინაში პოლიტიკურ ლიდერებს ესაუბრა, რომლებმაც მას უთხრეს, რომ გარკვეული დროით საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა არა სრულმასშტაბიანი. წერეთლის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"მე ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული რეაგირება მათ შორის საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ჩვენ ეუთო-ში ამ საკითხის ძალიან სერიოზული განხილვა გვექნება. ალბათ, ეუთო-შიც იქნება მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო სხდომა. ამ საკითხის მიტოვება, გულგრილობა ნამდვილად არ შეიძლება. ეს არის სუვერენიტეტის დარღვევის ძალიან უხეში და სამწუხაროდ, მინსკის შეთანხმების არ შესრულების კიდევ ერთი ფაქტი,"- განაცხადა გიგი წერეთელმა.
26 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 60 საათის განმავლობაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. შესაბამის კანონპროექტს უმაღლესი რადა გადახედავს.
რუსეთმა ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო 26 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა.





