ტრამპი საუდის არაბეთში მაიკ პომპეოს აგზავნის
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Twitter
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტამბოლში გაუჩინარებული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის საქმესთან დაკავშირებით, საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს აგზავნის. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მან და საუდის მეფემ სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდიმ ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. საუბარში მონარქმა განაცხადა, რომ მომხდარისა და ჟურნალისტის მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და დეტალების გარკვევას თურქეთთან ერთად ცდილობს. "დაუყოვნებლივ ვაგზავნი ჩვენს სახელმწიფო მდივანს მეფესთან შესახვედრად", - წერს ტრამპი ტვიტში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის მეფემ ქვეყნის პროკურატურას სტამბოლში გაუჩინარებული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის საქმის გამოიძიება უბრძანა.
Just spoke to the King of Saudi Arabia who denies any knowledge of whatever may have happened “to our Saudi Arabian citizen.” He said that they are working closely with Turkey to find answer. I am immediately sending our Secretary of State to meet with King!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 15, 2018
ჯამალ ჰაშაღი, რომელიც ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩევა 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა.
წინა დღეებში აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთს მკაცრი სასჯელით დაემუქრა. დონალდ ტრამპის თქმით, შესაბამის ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე აღმოჩნდება პასუხისმგებელი. თეთრი სახლის ლიდერმა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ჟურნალისტის საქმე საუდის არაბეთთან $110-მილიარდიან კონტრაქტზე ზეგავლენას არ მოახდენს.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საუდის არაბეთს ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარების საქმის გამოძიება მოსთხოვეს.
ანკარაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ოფიციალური ერ-რიადი.




