ერდოღანმა გერმანიაში ვიზიტი კიოლნში მეჩეთის გახსნით დაასრულა
მსოფლიო

ფოტო: youtube
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთის გახსნით დაასრულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ერდოღანის განცხადებთ, მეჩეთი ქალაქ კიოლნში მშვიდობის სიმბოლოა. მან გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა, იმისთვის, რომ საპროტესტო აქციების ფონზე, მეჩეთი მაინც გაიხსნა.
კიოლნში მეჩეთის გახსნის დღეს ერდოღანის მოწინააღმდეგეები და მომხრეები ერთდროულად შეიკრიბნენ. ქალაქის ხელისუფლებამ მეჩეთის წინ 25000 ადამიანის შეკრებაზე არსებული ნებართვა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გააუქმა.
კიოლნის ახალი მეჩეთი ისლამურმა რელიგიურმა ჯგუფმა ააშენა, რომელსაც BBC-ის ცნობით, ახლო კავშირები აქვს თურქეთის ხელისუფლებასთან.
ერდოღანი გერმანიაში სამდღიანი ვიზიტით 27 სექტემბერს ჩავიდა. მის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ბერლინშიც გაიმართა. შეკრებილებს შორის დიდი ნაწილი ქურთები იყვნენ. ბერლინის პოლიციის ცნობით, წესრიგს 4200 სამართალდამცველი იცავდა.
გერმანიაში 3 მილიონამდე თურქი ცხოვრობს.





