ტრამპი - მერკელი: ობამას დროს ორივეს ტელეფონზე გვისმენდნენ
მსოფლიო

ანგელა მერკელი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან პირველ დიპლომატიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ობამას დროს, მათ ტელეფონებს უსმენდნენ. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
„ეს ერთი რამ მაინც აღმოგვაჩნდა საერთო“, - განუცხადა ტრამპმა მერკელს.
6 მარტს ტრამპმა წინა მთავრობა, მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. ამის თაობაზე კონგრესმა სპეციალური გამოძიება ჩაატარა, მაგრამ თვალთვალის ფაქტი არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, ტრამპი თავის მოსაზრებაზე დარჩა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მათ ნატოს დაფინანსებასა და საერთაშორისო პოლიტიკურ სიტუაციაზე იმსჯელეს.
ამერიკის ლიდერმა ალიანსის წევრებისაგან ერთობლივი თავდაცვისათვის ბიუჯეტების გაზრდა მოითხოვა და ამ მოთხოვნას სამართლიანი უწოდა.
თავის მხრივ, ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია განაგრძობს თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას მშპ–ის 2%–მდე, რისთვისაც მას ტრამპმა მადლობა გადაუხადა. ასეთ ნიშნულს ალიანსის წევრებმა ნატოს 2024 წლის სამიტისთვის უნდა მიაღწიონ.
ბოლო მონაცემებით, ნატოს წევრი მხოლოდ 5 სახელმწიფო ხარჯავს თავდაცვაზე მშპ–ის 2%–ს. გერმანიის ხარჯები მშპ–ის 1,2%–ს შეადგენს, აშშ ამ მიმართულებით კი 3,6%–ს ხარჯავს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა ალიანსსა და მასში შემავალი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების სიმცირეს.
გარდა ამისა, პოლიტიკოსები უკრაინის თემასაც შეეხნენ. მერკელის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როდესაც ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის პრობლემა მოგვარდება. "მინსკის შეთანხმებები ამის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ ეტაპზე შესამჩნევი პროგრესი მიღწეული არ არის". - განაცხადა მერკელმა.




