პუტინი და ერდოღანი იდლიბში დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Twitter
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები იდლიბში დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 10 ოქტომბრისთვის ამ ზონიდან მძიმე ტექნიკა და რადიკალურად განწყობილი მებრძოლები უნდა გაიყვანონ.
მისივე განმარტებით, დემილიტარიზებულ ზონაზე კონტროლის ორგანიზება თურქეთისა და რუსეთის საპატრულო ჯგუფებისა და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებს დაევალა.
10 დღის წინ, 7 სექტემბერს თეირანში სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს კოორდინირებულად იმოქმედებენ.
იდლიბის პროვინცია სირიაში ბოლოა, რომელსაც სამთავრობო ჯარები ვერ აკონტროლებენ. აქ დეესკალაციის ზონა იყო შექმნილი, სადაც შეიარაღებულ ოპოზიციას ოჯახებით შეეძლო ევაკუაცია.
სირიის სახელისუფლებო ძალებმა რუსი სამხედროების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაზე მორიგი ავიადარტყმები 9 სექტემბერს განახორციელეს.




