ტრამპი სირიას, რუსეთსა და ირანს აფრთხილებს, არ მიიტანონ იერიში იდლიბის პროვინციაზე
მსოფლიო

სირია
ფოტო: Twitter
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს აფრთხილებს, რომ არ მიიტანოს იერიში იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.
ტრამპი ასევე აფრთხილებს სირიის მოკავშირე რუსეთსა და ირანს, რომ ისინი შესაძლო "ადამიანურ ტრაგედიაში მონაწილეობით სერიოზულ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, რადგან შესაძლებელია, რომ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპოს".
ტრამპი ირანს და რუსეთს მოუწოდებს, რომ ეს არ დაუშვან.
President Bashar al-Assad of Syria must not recklessly attack Idlib Province. The Russians and Iranians would be making a grave humanitarian mistake to take part in this potential human tragedy. Hundreds of thousands of people could be killed. Don’t let that happen!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) September 3, 2018
3 სექტემბერს ირანმა იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან იერიშის განხორციელებას მხარი დაუჭირა.
29 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს სირიის პროვინცია იდლიბში „ტერორისტების“ განადგურებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
25 აგვისტოს მედიაში დაიწერა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვს აფრთხილებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს ისევ გამოიყენებს, ამერიკის შეერთებული შტატები სირიაზე იერიშს მიიტანს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი 26 აგვისტოს განაცხადა, რომ მომდევნო ორი დღის კვირის განმავლობაში სირიის პროვინცია იდლიბში, შვიდობიან მოქალაქეებზე იმიტირებული ქიმიური თავდასხმა მოხდება, ხოლო ამ გარემოებას აშშ სირიაზე იერიშის მისატანად გამოიყენებს.
27 აგვისტოს რუსულ მედიაში დაიწერა, მოსკოვმა მეტი სამხედრო გემი განალაგა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. რუსული მედიის თანახმად, ეს რუსეთის სამხედრო ფლოტის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მას შემდეგ, რაც რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო 2015 წელს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს სირიასთან ახლოს სარაკეტო კომპლექსების რაოდენობის გაზრდასა და სამხედრო მობილიზებაში დასდო ბრალი, რასაც პენტაგონმა პროპაგანდისტული ინფორმაცია უწოდა.
14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.
სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.





