მედია: სკრიპალების საქმეში 6 ადამიანი ფიგურირებს
მსოფლიო

სერგეი სკრიპალი და ვლადიმერ პუტინი
ფოტო: facebook
დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში 6 ადამიანი ფიგურირებს და ისინი რუსული სამხედრო დაზვერვის ორგანიზებით მოქმედებდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
სერგეი და იულია სკრიპალების მოწამლვაში შესაძლოა რუსეთის "გრუ"-ს (სახელმწიფო დაზვერვის სამსახური) თანამშრომლები იყვნენ გარეულნი. ამის შესახებ The New York Times-ი ბრიტანელ და ამერიკელ ჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. "გრუ"-ს თანამშრომლებს ასევე 2016 წელს ამერიკულ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ.
რამდენიმე კვირის წინ საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე ჩარლი როული გონს მოვიდა.
ამავე ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები დიდი ბრიტანეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, რაზეც ოფიციალურმა ლონდონმა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ამის საფუძველი კი ის გახდა, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“, გავრცელებული ცნობით, სსრკ-ში შეიქმნა. რუსეთის ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს. სკრიპალების მოწამვლა დიპლომატიური სკანდალის და დიპლომატების გაძევების საბაბად იქცა.
სერგეი და იულია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ და ისინი საავადმყოფოდანაც გაწერეს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.





