ტერეზა მეი თანაპარტიელებს აფრთხილებს Brexit-ს საფრთხე არ შეუქმნან
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ტერეზა მეი „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს აფრთხილებს და განმარტავს, რომ შესაძლოა მათ Brexit-ი რისკის ქვეშ დააყენონ. ამის შესახებ BBC წერს.
ამ თემაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა BBC-ის სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა. მისი განმარტებით, ევროკავშირიდან გასვლის გეგმას პოლიტიკოსებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს, თუმცა მიაჩნია, რომ ისეთი საკითხები, როგორიც თავისუფალი გადაადგილება და სავაჭრო პოლიტიკაა გადახედვას არ ექვემდებარება. მეი დასძენს, რომ მას ქვეყნისთვის საუკეთესო უნდა და ამ მიზნით მოლაპარაკების რეჟიმს გააგრძელებს.
„დროა ვიყოთ პრაგმატულები. თუ ბრიტანული საზოგადოება არსებულ უთანხმოებებს არ დაძლევს, Brexit-ის გარეშე დავრჩებით“, - განმარტავს ტერეზა მეი.
პრემიერმინისტრი მეი დასძენს, რომ Brexit-ის გეგმა დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს ეროვნული სუვერენიტეტი აღადგინოს და ევროკავშირთან ახალი ეკონომიკური პარტნიორობა ჩამოაყალიბოს.
8 ივლისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განსხვავებული პოზიციების გამო Brexit-ის მინისტრი, დევიდ დევისი თანამდებობიდან გადადგა. 9 ივლისს კი ამავე მიზეზებით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ბორის ჯონსონმაც დატოვა. შედეგად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი გახდა.
რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის კოლონიად გადაქცევა უწინასწარმეტყველა.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.





