ბორის ჯონსონი ბრიტანეთს ევროკავშირის კოლონიად გადაქცევას უწინასწარმეტყველებს
მსოფლიო

ბორის ჯონსონი
ფოტო: shutterstock.com
Brexit-ის ოცნება იღუპება, დიდი ბრიტანეთი კი კოლონიის სტატუსის მინიჭებისკენ მიდის, – ასეთი განცხადება გააკეთა ბორის ჯონსონმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიმართ მიწერილ ოფიციალურ წერილში.
დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილში თანამდებობის დატოვების მიზეზებზე დეტალურად ილაპარაკა.
ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ Brexit-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის ევროკავშირთან არსებული ზედმეტად რბილი პოზიცია გაერთიანებიდან გამოსვლას აზრს უკარგავს. დიპლომატის თქმით, Brexit-ის პოლიტიკის სხვაგვარად წარმართვის საშუალება იყო. დიდი ბრიტანეთი გაცილებით დინამიური უნდა გამხდარიყო და გლობალურ ბაზარზე მაქსიმალურად გამოეყენებინა საკუთარი უპირატესობები. ბორის ჯონსონმა წერილში აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს ეს ოცნება იღუპება.
„6 ივლისს გამართული მოლაპარაკებების დროს ჩემს არგუმენტებს დაბალი მხარდაჭერა ჰქონდა. გილოცავთ მთავრობის მხარდაჭერის მოპოვებას. ახლა მთავრობას სიმღერა აქვს შესასრულებელი, რომლის სიტყვებსაც უკვე ერთი კვირაა ვამოწმებ და აღმოვაჩინე, რომ ისინი ყელში გამეჩხირა“, – აღნიშნა ბრიტანეთის უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეისადმი მიწერილ ოფიციალურ წერილში.
8 ივლისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განსხვავებული პოზიციების გამო Brexit-ის მინისტრი, დევიდ დევისი თანამდებობიდან გადადგა. 9 ივლისს კი ამავე მიზეზებით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ბორის ჯონსონმაც დატოვა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.





