დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი გახდა
მსოფლიო

ჯერემი ჰანთი
ფოტო: Twitter / @Jeremy_Hunt
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ჯერემი ჰანთი დანიშნა. მოლაპარაკებები ტერეზა მეის ოფისში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის Twitter-ზე ვკითხულობთ.
The Queen has been pleased to approve the appointment of Rt Hon @Jeremy_Hunt as Secretary of State for Foreign and Commonwealth Affairs.
— UK Prime Minister (@10DowningStreet) July 9, 2018
2012 წლიდან დღემდე ჯერემი ჰანთი ჯანდაცვის მინისტრი იყო. 2012 წლამდე მას კულტურის სამინისტრო ჰქონდა ჩაბარებული.
ჯერემი ჰანთის პოსტი ყოფილი კულტურის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა დაიკავა. დღეიდან ის ჯანდაცვას ჩაუდგება სათავეში.
Really looking forward to joining @DHSCgovuk at such an important time for our great NHS. I can’t wait to get started
— Matt Hancock (@MattHancock) July 9, 2018
დღესვე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ღია წერილს და მისი თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა და პროდუქტიული დისკუსიის შემდეგ წუხილი გამოთქვა ჯონსონის გადაწყვეტილების გამო.
მანამდე ტერეზა მეის სპიკერმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი შეებრძოლება ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მისი, როგორც ლიდერის პოზიციებს შერყევას ემსახურება.
უთანხმოების გამო 9 ივლისს თანამდებობა დატოვა დევიდ დევისმა, მის შემდეგ კი ბორის ჯონსონმა განაცხადა წასვლის შესახებ. შემდეგ იყო საპარლამენტო მდივანი ტრანსპორტის დეპარტამენტში კრის გრინი. სამივე შემთხვევაში მიზეზი Brexit-ის გეგმა იყო.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.





