აშშ-მა უკრაინისთვის ჯაველინების გადაცემა დაადასტურა
მსოფლიო

ფოტო: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ჯაველინების გადაცემა დაადატურა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო წერს.
„უკრაინამ აშშ-სგან ჯაველინები მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტში ეს უკვე ოფიციალურად დაადასტურეს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
საკითხზე დამატებითი კომენტარეისგან თავი შეიკავეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.
გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც.
მანამდე უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი ამბობდა, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აქვს უფლება საკუთარი ქვეყანა საფრთხისგან დაიცვას.
23 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გეგმას, რომელშიც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები Javelin-ი შედის. 14 დეკემბერს, კანადამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვა გააუქმა. გადაწყვეტილების თანახმად, კანადიდან შესაძლებელი იქნება უკრაინაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ექსპორტი.
აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის 350 მილიონი დოლარი იყო გათვალისწინებული.





