ჰასან როუჰანი: დასავლეთს 2015 წლის გარიგების შეცვლის უფლება არ აქვს
მსოფლიო

ჰასან როუჰანი
ფოტო: Twitter
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთს 2015 წლის გარიგების შეცვლის უფლება არ აქვს. ამის შესახებ BBC წერს.
შეთანხმებაში ცვლილების შეტანის ინიციატივით თეთრ სახლში ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი გამოვიდნენ. მათი თქმით, განახლებული ხელშეკრულება წინა დოკუმენტს უფრო მტკიცეს გახდის.
საპირისპიროს ამტკიცებს ფედერიკა მოგერინი. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმება არ უნდა შეიცვალოს.
აშშ-ის პრეზიდენტი გარიგებიდან გასვლით და ირანისთვის სანქციების განახლებით არაერთხელ დაიმუქრა.
22 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ აშშ შეთანხმებას დატოვებს, თეირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს.
შეთანხმება თეირანს ბირთვული პროგრამის შეჩერებას ავალდებულებს.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა.





