ტრამპი ირანს „დიდი პრობლემების“ შექმნით ისევ დაემუქრა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: youtube
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ისევ ემუქრება და აცხადებს, რომ თეირანს "დიდი პრობლემები" შეექმნება, თუ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ამასთან, ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას არ განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე კი მაკრონმა ამერიკელ კოლეგას მოუწოდა, ბირთვულ პროგრამაზე ირანთან გაფორმებული შეთანხმება "შეინარჩუნოს, რადგან ამ შეთანხმებაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს." ამ მოსაზრებას დაეთანხმა კრემლიც.
22 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ აშშ შეთანხმებას დატოვეს, თეირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს.
ჯერ კიდევ გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მისი თქმით, ირანი არ ასრულებს გარიგების მოთხოვნებს, რის შესახებაც ის კონგრესს აცნობებს.
ირანის პრეზიდენტმა ტრამპის ბრალდებებს სისულელე უწოდა.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. მხოლოდ ტრამპი აცხადებდა, რომ გარიგებიდან გასვლას გეგმავს. გარიგების ყველა სხვა მონაწილე შეთანხმებაში რჩება.





