აშშ ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას გეგმავს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას გეგმავს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავენ და ამბობენ, რომ ჩინეთის მიერ აშშ-დან ინტელექტუალური საკუთრების მითვისება და გაცემა ხდება. ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, სანქციების დაწესების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მოლაპარაკებებმა ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.
სანქციებში შევა როგორც გაზრდილი ტარიფები, ასევე დამატებითი ზომები. ამერიკული მედიის ცნობით, საქმე ეხება 30-დან 60-მილიარდამდე მოცულობის ტარიფებზე ცვლილებას, ასევე აკრძალვებს, რაც ინვესტიციებს შეუშლის ხელს.
მანამდე დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, 25 % და 10 %-იანი საბაჟო გადასახადის დაწესება დააანონსა. ტრამპმა, სადავო გადაწყვეტილებას, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, საბაჟო გადასახადის დაწესების თაობაზე ხელი 9 მარტს მოაწერა.
თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს, რომ ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის მიმართ არასამართლიანი სავაჭრო გარიგებები მოქმედებდა და ვითარება დროულად უნდა შეიცვალოს.
ოფიციალური ვაშინგტონის თქმით, ამ გზით შტატებში იაფი ფოლადის შედინება შეწყდება, რაც ადგილობრივი ფოლადის მწარმოებლებს შეუწყობს ხელს. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო პროექტებისთვის ადგილობრივი წარმოების ფოლადი უნდა იყიდონ.




