დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია
მსოფლიო
დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაიწყო. რუსეთის ტერიტორიაზე 97 ათასი უბანი გაიხსნა. 400 უბანი საზღვარგარეთაა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მანამდე 18 მარტის 8:00 საათიდან ადგილობრივი დროით (მოსკოვის დროით 17 მარტის 23:00 საათზე) კამჩატკის მხარესა და ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში კენჭისყრისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.
წელს პირველად რუსეთში ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით შეუძლიათ. ამ წესის მიხედვით ხმას 5,5 მილიონი მოქალაქე მისცემს. მთლიანობაში, რუსეთში 80 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველია.
არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს. მაგრამ არც რუსეთში და არც მის გარეთ ამ არჩევნებისგან სიურპრიზს არავინ ელის. გამარჯვებულის ვინაობაში ყველა წინასწარ დარწმუნებულია და ეს არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ამ პოსტზე კენჭს უკვე მეოთხედ იყრის.
რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის გარდა სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინისა იბრძვიან, რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, "იაბლოკოს" დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, "სამოქალაქო ინიციტივის" კანდიდატი ქსენია სობჩაკი, ზრდის პარტიის ლიდერი ბორის ტიტოვი, "რუსეთის კომუნისტების" ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და "რუსეთის საერთო სახალხო კავშირის" კანდიდატი" სერგეი ბაბურინი.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ პუტინის ყველაზე ხმაურიან ოპონენტს.





