რუსეთი 23 ბრიტანელ დიპლომატს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს
მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთმა ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყნის ტერიტორიიდან ერთ კვირაში გააძევებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთში უკვე შეწყვიტა საქმიანობა ბრიტანეთის საბჭომ, რომელიც კულტურის და განათლების სფეროში მოღვაწეობდა.
სანკტ-პეტერბურგში ბრიტანეთის საკონსულოს გახსნაზე თანხმობა უკან გაიწვიეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა. დაძაბულობა რუსი ჯაშუშის სერგეის სკრიპალის მოწამვლის საქმემ გამოიწვია.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.
ოფიციალური ლონდონი რუსეთთან ყველა მაღალი დონის შეხვედრას აუქმებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.





