იტალიაში სტუდენტებისა და აქტივისტების საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
იტალიაში საყოველთაო გაფიცვისა და სტუდენტური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ბოლონიასა და გენუაში დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას იტალიური სააგენტო ANSA ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბოლონიაში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებები გაიმართა, სამართალდამცველებმა კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. გენუაში სტუდენტებმა ქალაქის უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს.
ბოლონიაში დაპირისპირება კომპანია Confindustria Emilia-ს შტაბ-ბინასთან ახლოს მოხდა. სპეცაღჭურვილობით აღჭურვილმა პოლიციელებმა დემონსტრანტების ჯგუფი უკან დახიეს. აქციის მონაწილეები, რომლებსაც ხელში კვამლის კაფსულები და ბანერები ეჭირათ, ქუჩის გადაკეტვის მიზნით მოწყობილი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
ANSA-ს ცნობით, პოლიციამ რამდენჯერმე განახორციელა რეიდი და დემონსტრანტებს უკან დაახევინა.
აქციები იტალიის უმსხვილესი და ერთ-ერთი ყველაზე მემარცხენე პროფკავშირული გაერთიანების CGIL-ის მიერ ორგანიზებული საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში გაიმართა. გაფიცვა პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის, ცხოვრების გაძვირების, გადაიარაღებისა და განათლების სისტემაში არსებული პირობების წინააღმდეგ იყო მიმართული. გაფიცვას ევროპულ მასშტაბში სტუდენტური საპროტესტო გამოსვლებიც დაემთხვა.
გენუაში კი ორგანიზაციების Osa-სა და Cambiare Rotta-ს მიერ მოწყობილი მსვლელობის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა ქალაქის უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს. ისინი გადაიარაღების, ომისა და ცხოვრების მაღალი ფასის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და უნივერსიტეტის ატრიუმში კვამლის კაფსულები აანთეს.





