The New York Times: აშშ-ს შესაძლოა სახელმწიფო ვალის ზღვარი თებერვალში ამოეწუროს, დეფოლტის საფრთხე კი აგვისტოდან გაჩნდეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-მა შესაძლოა სახელმწიფო ვალის კანონით განსაზღვრულ ზღვარს უკვე მომავალი წლის თებერვალში ან მარტში მიაღწიოს, რის გამოც კონგრესს ვალის ლიმიტის გაზრდა ან მისი მოქმედების შეჩერება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობისა და დეფოლტის რისკი აგვისტოდან გაჩნდება, იუწყება The New York Times-ი ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზზე დაყრდნობით.
ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, ე.წ. „X-თარიღი“ - მომენტი, როდესაც აშშ-ის მთავრობა ვეღარ შეძლებს ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებას და შესაძლოა სახელმწიფო ვალის დეფოლტი გამოაცხადოს - შეიძლება უკვე აგვისტოში დადგეს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო ვალის ზღვარი 41,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. „რესპუბლიკელებმა“ გასულ წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების პაკეტის ფარგლებში მისი გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა არსებული პროგნოზით, აღნიშნული ზღვარი მომავალი წლის თებერვალში ან მარტში ამოიწურება.
ლიმიტის მიღწევის შემთხვევაში, ხაზინის დეპარტამენტს ე.წ. საგანგებო ზომების გამოყენება მოუწევს, რათა მთავრობამ ვალდებულებების შესრულება დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით გარკვეული დროით გააგრძელოს. ეს ზომები ითვალისწინებს, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეთა დანაზოგების გეგმებსა და პენსიაზე გასული საფოსტო სამსახურის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებში შენატანების დროებით შეჩერებას. ხაზინის დეპარტამენტს ასევე შეუძლია სახელმწიფო უწყებებსა და დეპარტამენტებს შორის თანხები დროებით გადაანაწილოს.
გამოცემის ცნობით, ვალის ლიმიტთან დაკავშირებულმა საკითხმა შესაძლოა „რესპუბლიკელებზე“ ზეწოლა გაზარდოს, რათა მათ სახელმწიფო ხარჯებსა და ვალის ზღვარზე შეთანხმებას კონგრესში „დემოკრატების“ კონტროლის დამყარებამდე მიაღწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალ წელს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად „დემოკრატებთან“ მოლაპარაკება მოუწევს.
აშშ-ის სახელმწიფო ვალმა აგვისტოში 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. The New York Times-ის ცნობით, ვალის ზრდას ხელი შეუწყო „რესპუბლიკელების“ მიერ მიღებული საგადასახადო შეღავათების ღირებულებამ და ირანში მიმდინარე ომის დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯებმა.
ვალის ლიმიტის გარშემო დაპირისპირებამ შესაძლოა ხაზინის მდივანს სკოტ ბესენტსაც შეუქმნას დამატებითი სირთულეები, რადგან მას მთავრობის ფულადი ნაკადების მართვის ალტერნატიული გზების მოძიება მოუწევს. წარსულში, ვალის ლიმიტთან დაკავშირებული კრიზისების დროს, ხაზინის მდივნები განიხილავდნენ ისეთ უჩვეულო შესაძლებლობებსაც, როგორიცაა ერთი ტრილიონი დოლარის ნომინალის მონეტის მოჭრა ან აშშ-ის ოქროს მარაგების საბაზრო ღირებულებით გადაფასება.





