POLITICO: აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ გააკრიტიკა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების კამპანიისთვის - ეს მორიგი დარტყმაა კიევისთვის, რომელიც მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს
მსოფლიო

ელბრიჯ კოლბი
GettyImages
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ სამშაბათს მკაცრად გააკრიტიკა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების კამპანიისთვის - ეს მორიგი დარტყმაა კიევისთვის, რომელიც მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს, - წერს გამოცემა POLITICO.
მისი ეს განცხადება, რომელიც გააკეთა შეხვედრაზე, რომლის მთავარი მიზანი უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის მობილიზება იყო, იმ დროს გაჟღერდა, როდესაც უახლოეს კვირებში აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან და რუსეთთან ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაა მოსალოდნელი.
„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დისკუსიები ორიენტირებულია შორი მოქმედების დარტყმების სანახაობრივ მხარეზე, რომელთა მიზანიც რუსეთის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებაა, ჩვენი შეფასებით, ასეთი დარტყმები არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ ხელს არ უწყობს ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის შეკავებასაც“, - განაცხადა კოლბიმ ბრიუსელში, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.
„ასეთმა დარტყმებმა, რომლებიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმიზნებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო განამტკიცა რუსული საზოგადოების მტკიცე განწყობა და კრემლის მზაობა ესკალაციისთვის“, - აღნიშნა მან.





