ევროკავშირში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ პეკინი აუცილებლად გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს, თუ ბრიუსელი ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ ცალმხრივ შეზღუდვებს დააწესებს
მსოფლიო

სი ძინპინი
Reuters
ჩინეთის ელჩმა ევროკავშირში, ცაი ჟუნმა განაცხადა, რომ პეკინი აუცილებლად გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს, თუ ევროკავშირი ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ ცალმხრივ შეზღუდვებს დააწესებს.
პეკინის ეს მკაცრი გაფრთხილება ევროკომისიის ახალ ინიციატივას მოჰყვა. ბრიუსელი ამჟამად მუშაობს ახალ სავაჭრო დაცვის მექანიზმზე, რომელსაც „ავარიულ გათიშვას“ უწოდებენ. აღნიშნული ინსტრუმენტი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, აგრესიული სავაჭრო პოლიტიკით გამოწვეული სერიოზული ბაზრის დისბალანსის შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს ევროპულ ბაზარზე წვდომა სწრაფად შეუზღუდოს ან სრულად ჩაუკეტოს.
„ჩინეთი ეწინააღმდეგება ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების პოლიტიზებას, უსაფრთხოების ცნების გადაჭარბებულ გაფართოებას და ცალმხრივი ან მაქსიმალური ზეწოლის მეთოდების გამოყენებას“, - განაცხადა ცაი ჟუნმა.
მან ასევე დასძინა: „თუ ევროპული მხარე მაინც გააგრძელებს ჩინეთის წინააღმდეგ შეზღუდვებისა და დისკრიმინაციული ზომების მიღებას, ჩინეთს მოუწევს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა საკუთარი ინტერესების მტკიცედ დასაცავად“.
ჩინეთის საბაჟო მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ევროპაში დაბალფასიანი ჩინური იმპორტი 25%-ით გაიზარდა, რის გამოც ევროკავშირი ადგილობრივი ბაზრისა და მწარმოებლების დაცვას ცდილობს.
გასულ ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას დაავალეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ოპერატიულად ამოქმედდება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ქმედებები ევროპულ ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს.





