ნავროცკიმ ტუსკი კონსტიტუციის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და არაკანონიერ ქმედებებში დაადანაშაულა
მსოფლიო

კაროლ ნავროცკი
KPRP
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ კონკრეტული ქმედებები დაასახელა, რაზეც, მისი მტკიცებით, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ეკისრება.
ნავროცკის განცხადებით, ტუსკი პასუხისმგებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ უკანონო მოვლენებზე.
„მთელ ამ სიტუაციაზე, ტრიბუნალთან მობილიზებულ თითოეულ პოლიციელზე, ყველა არაკანონიერ ქმედებაზე - როგორიცაა მოსამართლეების უფლებამოსილების შეჩერება, უკანონო განკარგულებები და საკონსტიტუციო სასამართლოში პრემიერის კანცელარიის მხრიდან შეჭრა - სრულ პასუხისმგებლობას ატარებს ერთი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ამ დარბაზშია - პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი“, - განაცხადა ნავროცკიმ.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ ეს ქმედებები მხოლოდ პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მეტია.
„ბატონმა პრემიერმა უკვე იცის, რომ შეცდომა დაუშვა და ჩვენ ორმაც ვიცით, რომ დღეს თქვენ გვერდით აღარ არიან ყოფილი მოკავშირეები და მხოლოდ ძალადობა დაგრჩათ, რაც თანაბრად შემაშფოთებელია“, - მიმართა პრეზიდენტმა პრემიერს.
ნავროცკის თქმით, პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ პოლონეთის იმიჯს ანგრევს, რაც ინვესტორებს აფრთხობს. პრეზიდენტის შეფასებით, მთავრობის მეთაურის ქმედებები საზოგადოებრივი კავშირებისა და ნდობის ფუნდამენტს ძირს უთხრის.





