მედია: პოლონეთის პრეზიდენტი გვიან ღამით წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა
მსოფლიო

კაროლ ნავროცკი
ფოტო: Getty Images
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გვიან ღამით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლა, წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და იქ მყოფ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ანა კორვინ-პიოტროვსკას განცხადებით, მათ ხელი შეუშალეს სასამართლოს საერთო კრების მოწვევას, რომელშიც ყველა მოსამართლეს უნდა მიეღო მონაწილეობა. შედეგად, სასამართლომ გადაწყვეტილებების მიღება ვერ შეძლო.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ პრეზიდენტს რამდენჯერმე შესთავაზა, სახელმწიფო ინსტიტუტების თანამდებობის პირებისთვის შესაფერის, უსაფრთხო გარემოში შეხვედროდნენ. პრეზიდენტმა მასთან ფიზიკური დაპირისპირების გზა აირჩია“, - იუწყება მედია.
მანამდე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი სენეგალში ვიზიტის შეწყვეტის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა.
პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.





